გამოქვეყნებულია: 05.05.2023
საქველმოქმედო საღამო - სიცოცხლისფერი იასამანი
საქველმოქმედო საღამო "ევროპა დონა საქართველოსა" და "ჰოუფის" ორგანიზებით

"სიცოცხლისფერი იასამანი" - ასე ერქვა საქველმოქმედო საღამოს, რომელიც 5 მაისს, მთაწმინდაზე "ევროპა დონა საქართველოსა" და ონკოსაზოგადოება "ჰოუფის" ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა და რომელსაც 300-მდე სტუმარი ესწრებოდა. ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებისთვის ნაადრევი დიაგნოსტიკის და იმის შეხსენება, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
Avon საქართველო როგორც "ევროპა დონა საქართველოს" ხანგრძლივი პარტნიორი წარმოდგენილი იყო როგორც საღამოს ერთ-ერთი მთავარი სპონსორი. კომპანიის სახელით მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა შემეცნებით ვიქტორინებში, თამაშებში და აქტივობებში, რამაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა და დაგვარწმუნა იმ საქმიანობების საჭიროებაში და მნიშვნელობაში, რომელსაც "ევროპა დონასთან" ერთად უკვე 5 წელია ვახორციელებთ.


საქველმოქმედო ღონისძიება გახსნა ცნობილმა ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ, რომელმაც ევროპა დონა პრეზედენტთან - ანა მაზანიშვილთან ერთად მადლობა გადაუხადა "ეივონ საქართველოს" ქვეყნის მასშტაბით ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. საღამოს ასევე ესწრებოდნენ მომღერლები ლაშა ღლონტი, ნატო მეტონიძე და სხვა ცნობილი სახეები.
შეგახსენებთ, რომ "ეივონი" უკვე 30 წელია იბრძვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ 70-ზე მეტ ქვეყანაში, აქედან 10 წელი კი საქართველოში. ჩვენ 5 წლის წინ "ევროპა დონასთან" ერთად დავაარსეთ "ვარდისფერი სივრცე", ფსიქო-სოციალური დახმარების და ადვოკატირების ცენტრი, ონკო-პაციენტებისთვის, რომელთა ფუნქციონირება სრულად საქველმოქმედო პროდუქტების რეალიზებიდან შემოსული თანხებით ხორციელდება.