გამოქვეყნებულია: 29.11.2023
ნანა აბულაძის ბლოგი
ჩემთვის წერა კითხვით იწყება, კითხვა კი ტექსტს ყოველთვის ახალ კონტექსტს ანიჭებს, შესაბამისად, ახალ ინტერპრეტაციასაც. წიგნი, რომელსაც ვკითხულობდი, ოვიდიუსის „მეტამორფოზებია“, კონტექსტი კი - ფემიციდის გახშირებული შემთხვევები. დღე არ გავიდოდა, არ შემეტყო, როგორ მოკლა ქმარმა ცოლი, ყოფილმა ქმარმა - ყოფილი ცოლი, ყოფილმა შეყვარებულმა - ყოფილი შეყვარებული. მეც მთელი „მეტამორფოზები“ ისე წამეკითხა, როგორც ერთი ვრცელი, დაუსრულებელი ამბავი ქალებზე ძალადობის, ქალების გაუპატიურების, წამებისა და უმოწყალო ხოცვის შესახებ. ანტიკურ ლიტერატურას თავისი კონტექსტი აქვს, ოვიდიუსის განზრახვაც ქალებზე წერა როდი იყო - ეს მეც ვიცი, მაგრამ სხვა ვითარებაში ვიკითხე მისი „მეტამორფოზები“ და ამ ვითარებამ თავად ტექსტიც შეცვალა.
„მეტამორფოზებში“ არის მითი ფილომელასა და პროკნეს შესახებ: ფილომელას თავისი ცოლის ძმა გააუპატიურებს და მერე ენას ამოაჭრის, რათა ქალმა არაფერი თქვას მომხდარზე. ფილომელა და მისი და, პროკნე, შურს იძიებენ მოძალადეზე და სიტუაცია ისეთი გამოუვალი ხდება, რომ ღმერთები ორივე ქალს ბულბულად აქცევენ. რაკი ფილომელას ენა არა აქვს, ამიტომ დედალი ბულბული არ გალობს, გალობს მხოლოდ მამალი. არსებითად, ესაა მითი იმის შესახებ, როგორ მოხდა, რომ მდედრი ბულბულები არ გალობენ, მაგრამ წაკითხვისთანავე გადავწყვიტე, რა მშვენიერი მეტაფორაა ქალების დუმილისათვის, ამას სადმე გამოვიყენებ-მეთქი.
ამ მითზე ფიქრი არ მშორდებოდა. ერთ დღესაც ის ჩემს გონებაში ერთ ხალხურ ლექსს დაუკავშირდა:
„ნეტავი რადმე მაქცია,
ბულბულად გადამაქცია,
ბულბულის ენა მასწავლა,
ამ ბაღებს შემომაჩვია.“
როგორ გგონიათ, რა ჰქვია ამ ლექსს? „პატარა ქალის ნატვრა“. და მე ვიფიქრე, რომ ქალად ყოფნა ისეთი მძიმეა, ლირიკული გმირი ნატრობს, სხვა რამედ იქცეს, ნებისმიერ რამედ, თუნდაც მგალობელ ჩიტად, ოღონდ კი ქალი აღარ იყოს. ასე გაჩნდა მოთხრობის სათაურიც „ნეტავ, ბულბულად მაქცია...“* და თემაც: ეს უნდა ყოფილიყო ქალების მონათხრობი ძალადობის, მისი ფორმების შესახებ. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ამ ქალებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უნდა ეცხოვრათ და სხვადასხვა დიალექტზე ემეტყველათ, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, სხვადასხვა ეპოქის ქალები ყოფილიყვნენ, როგორც გამოგონილი, ასევე ისტორიული პირები, როგორც ჩემი შეთხზული, ასევე თავად მათი შეთხზული ტექსტებით: ლექსებით, ჰიმნოგრაფიის ნიმუშებით.
წერისას ორი რამ შევნიშნე:
1. ჩემ მიერ მოთხრობაში ჩართულმა ძველმა ლექსებმა მნიშვნელობები შეიცვალეს კონტექსტის გავლენით: თუკი ფრაზა „ქალწულო, მიხსენ ბორენა ჭირმრავალი“ (ბორენა დედოფლის იამბიკოდან „რომელმან ეგე ევას მიუზღე ვალი“) ღვთისმშობლის ხატის უკანა მხარესაა ამოტვიფრული, მას ერთი მნიშვნელობა აქვს, ხოლო თუ ამ ფრაზას მოვათავსებთ სხვა ტექსტებს შორის, რომლებშიც ქალები თავიანთ ამბებს ჰყვებიან, ძალადობის ამბებს, ერთმანეთზე შემზარავს, მაშინ ის სულ სხვაგვარად წაიკითხება.
2. ქალები ვერ ჰყვებიან ძალადობაზე არამხოლოდ იმიტომ, რომ რცხვენიათ, ეშინიათ, ტაბუა და საზოგადოება ისევ მათ დაადანაშაულებს, არამედ იმიტომაც, რომ ენა არ იძლევა ამის საშუალებას. ენაში არ არის სიტყვები, რომლებიც ადეკვატურად გადმოსცემდა ქალის გამოცდილებას, რადგან ეს „კაცების ენაა და მათი გრამატიკა“, როგორც ელენ სიკსუმ შენიშნა. სიკსუც და ფემინისტური ლიტერატურათმცოდნეობის სხვა მკვლევრებიც ბევრს წერენ იმაზე, რომ ენაც, ლიტერატურული ფორმებიც კაცების შექმნილია. ამის გამო როცა ქალი წერას გადაწყვეტს, მას უწევს ერთდროულად კიდეც მოირგოს ეს ფორმები და კიდეც შეეწინააღმდეგოს მათ. სწორედ ამიტომ განსხვავდება ქალებისა და კაცების ტექსტები ერთმანეთისაგან. ეს განაპირობებს მწერალი ქალების ტექსტებში იმგვარი ლიტერატურული ხერხების არსებობასაც, რომლებსაც მწერალი კაცების შემოქმედებაში ვერსად ნახავთ. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ორშრიანი ტექსტის დაწერა, რომელიც ზედაპირზე სრულად შეესაბამება პატრიარქალური საზოგადოების გემოვნებასა და მოთხოვნებს, ხოლო ქვეტექსტურად, პირიქით - აკრიტიკებს და დასცინის მას. ასეა დაწერილი ჯეინ ოსტინის რომანები, რომელთა თემაც ვითომ სიყვარულია, სინამდვილეში კი ავტორს სოციალური და ეკონომიკური სისტემის ირონიზება და მისი სიმახინჯის ამგვარად გამოაშკარავება განუზრახავს. ასეა დაწერილი ბრონტეების რომანებიც. დაფიქრდით, აბა, რისთვისაა საჭირო როჩესტერის ცოლი „ჯეინ ეირში“? მხოლოდ გოთიკური დაძაბულობის შემოსატანად? რა იდეოლოგიური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს პერსონაჟს, რომელიც მთელ წიგნში ერთ სიტყვასაც არ ამბობს? რას ნიშნავს მისი დუმილი?
ჩემს მოთხრობაშიც ქალები ძალადობის ამბავს არ მოგვითხრობენ, მხოლოდ მიგვანიშნებენ. და ეს ამბის ვერთხრობა ბოლოს სრულ დუმილამდეც მიდის. მაგრამ მკითხველი ხვდება, რასაც ნიშნავს ეს დუმილი - ამ დუმილს ხომ გარს სხვა პერსონაჟი ქალების ხმები აკრავს. მკითხველი ცარიელ ადგილს თავისი წარმოსახვით ავსებს და ის, რაც ქვეტექსტურადაა ნაგულისხმევი, ზედაპირზე ამოაქვს. ასე იქცევა ვერთხრობა თხრობად, დუმილი კი - მეტყველებად. ეს ერთ-ერთი ხერხია ძალადობის გადმოსაცემად.
ლიტერატურამ, რა თქმა უნდა, იცის ამ ხერხის უფრო რადიკალური მაგალითებიც.** მე აქ ქეით ჩოპინის ცნობილი ნოველა „ერთი საათის ამბავი“ („The Story of an Hour“) მახსენდება. ალბათ, სულ ერთგვერდიანი თუ იქნება, მაგრამ უზარმაზარ ამბავს იტევს. თუ არ წაგიკითხავთ, ჯერ წაიკითხეთ და მერე მოუბრუნდით ამ ჩემს წერილს, რადგან სიუჟეტის გამხელას ვერ ავცდები. სიუჟეტი ამგვარია: ქალს ქმრის გარდაცვალების ამბავს უმალავენ. ეშინიათ, ავადმყოფი გული აქვს და ვერ გადაიტანსო. ბოლოს, რასაკვირველია, მაინც შეიტყობს, ქმარი რომ აღარ ჰყავს და გულიც მართლა უსკდება, ოღონდ დარდისგან კი არა, სიხარულისგან - მისი ქმარი, ეს ტირანი, როგორც იქნა, მოკვდა და ახლა ის, ქვრივი, უკვე თავისუფალი ადამიანია.
ამ ნოველის საიდუმლო და ავტორის ოსტატობა მხოლოდ ის კი არაა, რომ ჟანრის კანონის თანახმად, დასასრული სრულიად მოულოდნელი აქვს, არამედ ისიც, რომ ფინალში თემაა გაცხადებული. უფრო სწორად, ფინალიდან ვიგებთ, რომ რაც ტექსტის თემა გვეგონა, სათქმელი ის კი არა, სრულიად სხვა რამ ყოფილა. მიაქციეთ ყურადღება ორმაგი წაკითხვის შესაძლებლობასაც ანუ თავისებურ ორშრიანობას - ახლობლებმა ხომ ქალის განცდების შესახებ არაფერი იციან, ისინი იფიქრებენ, რომ ქალს გული დარდისგან გაუსკდა. არადა, ეს არაა ტექსტი თავდადებულ სიყვარულზე, ეს არაა ტექსტი კაცზე, რომელიც ქალის ცხოვრების აზრად იქცა და ურომლისოდაც ქალს სიცოცხლე აღარ უღირდა. ესაა ტექსტი ძალადობის შესახებ ისე, რომ ძალადობის ამბავი იქ მოთხრობილი საერთოდ არ არის.
ასეა - ზოგჯერ მთავარი სწორედ ისაა, რაც არ ითქმის.
*გამოქვეყნდა ჟურნალ „ქართულ მწერლობაში“, ნოემბერი, N1, გვ. 27-31.
**თანამედროვე ლიტერატურაშიცაა ამ ხერხის სხვადასხვა ვარიაცია. ამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, ნახოთ ჩემი წერილი „How The One-armed Sister Sweeps Her House” - შერი ჯონსი და მისი „გამოტოვების პოეტიკა“: https://mastsavlebeli.ge/?p=36935
ტექსტის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს AVON-ის და UNFPA-ს პოზიციას.