Cookie: Our page use cookies. Read more about our cookie policy. Dismiss
დახურვა
კამპანია შეიცვალა, მაგრამ კალათში პროდუქცია დარჩა უცვლელად
კამპანია შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალა პროდუქცია კალათში

ხატია ღოღობერიძის ბლოგი

ეკონომიკური ძალადობა — უხილავი და დამაზიანებელი

ჯერ კიდევ ბავშვობაში, ჩემს სოფელში ხშირად მომისმენია დიალოგები, რომლებიც ეხებოდა იმას, “ასწავლიდა” თუ არა ოჯახის “ახალ რძალს” ქმარი, დედამთილი, მამამთილი. ანუ მიეცემოდა თუ არა მას უნივერსიტეტში სწავლის დაწყების ან გაგრძელების საშუალება. მსჯელობა ეხებოდა არამხოლოდ ფინანსებს, არამედ, განათლების უფლებას. მაშინ კარგად ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა და რა იდგა ამ ყველაფრის უკან, თუმცა ის ოჯახი, რომელიც მიიღებდა “სწავლების” გადაწყვეტილებას ჩემში უფრო მეტ სიმპათიას იწვევდა.

მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ჩემ ირგვლივ ბევრ ჩემი ასაკის გოგოს სწავლაში ხელს უშლიდნენ, მათში “ინვესტიციას” არ დებდნენ, როცა ბიჭების განათლებისთვის შეიძლება ვალებიც კი აეღოთ.

ნორმა იყო ისიც, რომ ქალებს სამსახურის დასაწყებად ოჯახის წევრებისგან ნებართვა სჭირდებოდათ. ანუ იმ უფლებას, რომელიც ქალებს ისედაც გვაქვს, კაცები გვართმევდნენ და მერე საკუთარი ნების მიხედვით, ან გვიბრუნებდნენ, ან არა.

ახლა იმ ამბებზე წარსულ ფორმაში მხოლოდ იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩემი ბავშვობა იყო წარსულში და არა ქალების ჩაგვრა. შეიძლება დღეს ერთმანეთს აღარ ეკითხებიან, “ასწავლიან” თუ არა ცოლს, რძალს, მაგრამ ეს დამოკიდებულება არსად გამქრალა.

იმის მერე წლები გავიდა, გავიზარდე და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვი. გავაცნობიერე ისიც, რომ ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის და ის ფესვგადგმულია ყველგან, სოფელსა თუ ქალაქში, მთასა თუ ბარში. შუაგულ თბილისში მომისმენია არაერთი ამბავი ქალებისგან, რომლებსაც ქმრები სამსახურის დაწყებას “უშლიან” ან უკვე არსებული სამსახურებიდან წამოსვლას აიძულებენ. ყოფილა შემთხვევებიც, როცა პირდაპირ არ “უკრძალავენ”, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ ქალმა მუშაობა ვერ შეძლოს. მაგალითად, ამუნათებენ: “შენ თუ მუშაობას დაიწყებ, ბავშვებს ვინ მოუვლის?!”, “ძიძას თუ მოვიყვანთ, შენი ხელფასიდან გადაუხადე” და ა.შ. ასე ისინი ცდილობენ, ქალი არ იყოს ეკონომიკურად დამოუკიდებელი. 

შეიძლება ქალებს მუშაობა არ შეეზღუდოთ, მაგრამ შეზღუდული ჰქონდეთ საკუთარი ფინანსების განკარგვა. წლების განმავლობაში არაერთი ისტორია მსმენია იმაზე, როგორ მოითხოვენ ქმრები, ძმები, ოჯახის წევრები, რომ ქალებმა მათი შემოსავლის 100% მათ მოახმარონ. არახალია ისიც, რომ ბევრი ქალი წლებია ემიგრაციაში შრომობს, ოჯახის წევრი კაცები კი ფულის გამოგზავნას აიძულებენ. ანუ მათ აქვთ სრული კონტროლი ქალის შემოსავალზე ან/და ხელს უშლიან საკუთარი ქონების განკარგვაში.

აღარაფერს ვამბობ მემკვიდრეობაზე, რომელიც ავტომატურად კაცის საკუთრებად მიიჩნევა და ქალის მხრიდან ამაზე კითხვის დასმაც კი შერცხვენის, ზოგჯერ კი ოჯახიდან მოკვეთის საფუძველი ხდება.

ეს ყველაფერი ეკონომიკური ძალადობაა. ეკონომიკური ძალადობა შეიძლება იყოს ფინანსურ რესურსებზე სრული კონტროლი, ასევე, ფულზე, განათლებასა და შრომის ბაზარზე წვდომის შეზღუდვა, ქონების განზრახ დაზიანება, დაკისრებული ეკონომიკური პასუხისმგებლობების შეუსრულებლობა.

ეკონომიკური ძალადობა ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე რთულად იდენტიფიცირებადი ფორმაა და ხშირად მსხვერპლები ამას ვერც აცნობიერებენ. შეიძლება მოგისმენიათ დიალოგი, როცა ქალი ამბობს, რომ მაგალითად, მეგობრებთან ერთად უნდა სადმე წასვლა, ქმარი დიდსულოვნად “აძლევს უფლებას”, მაგრამ ეუბნება, რომ ფულს ვერ მისცემს. არადა, სწორედ მისი მოწოდებისა თუ მოთხოვნის შედეგია, რომ ქალი არ ან აღარ მუშაობს. რატომ? იმიტომ, რომ ეკონომიკური ძალადობის შედეგად, მსხვერპლ ქალებს, მათ ქცევას აკონტროლებენ.

რამდენჯერ გსმენიათ, რომ ქალს “წასასვლელი არსად აქვს” და ამიტომ ვერ წყვეტს ურთიერთობას მოძალადე პარტნიორთან? ამას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ეკონომიკური ძალადობაც იწვევს.

ორგანიზაცია საფარის მიერ 2023 წელს ჩატარებული კვლევის* მიხედვით, აჭარასა და კახეთში ყოველი მეოთხე ქალი ერთხელ მაინც ყოფილა ინტიმური პარტნიორის ან ქმრის მხრიდან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი. დოკუმენტში წერია ისიც, რომ გარდა პარტნიორებისა, ქალებზე პარტნიორების ოჯახის წევრებიც ხშირად ძალადობენ.

გარდა ამისა, გამოიკვეთა, რომ ქალები, რომლებიც ყოფილან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები, ინტიმური პარტნიორის მხრიდან განიცდიდნენ ასევე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, ბავშვობაში კი ფიზიკურ ძალადობას მშობლების მხრიდან. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ქალები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჰქონდეთ სტაბილური სამსახური და პარტნიორზე მაღალი შემოსავალი, მაინც ხდებიან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები.

კვლევაში ეკონომიკური ძალადობა განსაზღვრულია, როგორც ქცევა, რომლითაც მოძალადე ზღუდავს, აკონტროლებს და იყენებს ქალის ეკონომიკურ რესურსებსა და პოტენციალს.

დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია: 

  • მუშაობაში ხელის შეშლა; 
  • მსხვერპლისთვის ფულის არმიცემა და ფულის მოპოვებაში ხელის შეშლა; 
  • მსხვერპლისთვის მუშაობის ან სწავლის აკრძალვა; 
  • საკვების, ტანსაცმლის, თავშესაფრის, პირადი ჰიგიენის საშუალებების ან წამლის მიზანმიმართულად არმიცემა; 
  • მსხვერპლისთვის ფულის მოპარვა, მისი ფულის, აქტივების ან ფინანსური სახსრების თაღლითურად გამოყენება; 
  • მსხვერპლის პირადი საკუთრების მოპარვა ან განადგურება; 
  • მსხვერპლისთვის პირადი საბანკო ანგარიშის ფლობის აკრძალვა;
  • სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის არგადახდა;
  • მსხვერპლის იძულება, აიღოს კრედიტი, შემდეგ კი მისი საკრედიტო ისტორიის გაფუჭება.

ძალადობის სხვა ფორმების მსგავსად, ეკონომიკური ძალადობა ქალებს მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში ამყოფებს, უარყოფითად აისახება მენტალურ ჯანმრთელობასა და თვითშეფასებაზე და ამცირებს შესაძლებლობას, რომ ძალადობრივ გარემოს თავი დააღწიონ.

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობაზე საუბრისას უმრავლესობას პირველ რიგში ფიზიკური ძალადობა გვახსენდება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირ შემთხვევაში, მოძალადეები ფიზიკურ ძალადობამდე ეტაპობრივად, ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოყენების შედეგად მიდიან. როცა ქალს არც ფული აქვს, არც უძრავი ან მოძრავი ქონება, არც სამსახური, აღარც მეგობრები, ძალადობისგან თავის დაღწევა უფრო რთული ხდება. ამიტომ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ძალადობის სხვადასხვა ფორმის ყველა ნიშანს და არ დავტოვოთ რეაგირების გარეშე.

*ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის კვლევა კახეთსა და აჭარაში - საფარი

ტექსტის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს AVON-ის და UNFPA-ს პოზიციას.

ბლოგების სერია მომზადდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, AVON-ის და UNFPA-ს თანამშრომლობით.

გაუზიარე მეგობრებს

სხვა სტატიები

{{::article.Title}}
{{::article.Title}}

{{UI.LoadingMessage}}
[View|Representative_Attach_Not_Available]