Cookie: Our page use cookies. Read more about our cookie policy. Dismiss
დახურვა
კამპანია შეიცვალა, მაგრამ კალათში პროდუქცია დარჩა უცვლელად
კამპანია შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალა პროდუქცია კალათში

გიორგი ლიპარიშვილის ბლოგი

სადღეგრძელოში ჩარჩენილები

სად არიან ქალები ყველაზე ხშირად ჩვენს ქვეყანაში? როდის გვახსენდებიან? როდის ვაქებთ? როდის ვაკომპლიმენტებთ?

8 მარტს? 3 მარტს? სტუმრის მოსვლისას? სადღეგრძელოებში?

რატომ ვტოვებთ მარტო სიტყვებში? მარტო სადღეგრძელოებში? მარტოს სულ საკუთარ თავთან? სად არის გულწრფელობა? ყოველდღიურობა? ჯანსაღი ურთიერთობა? აღიარება? გათანაბრება? სწორი აზროვნება? ბედნიერება?

რატომ ვკლავთ ქალებს ჩვენგან დავიწყებული სიყვარულის გამო? ქალებმაც რომ იგივე გააკეთონ უფრო მეტი კაცს ხომ არ დაგვიბნელდება მზე? მაგრამ სად მიგვიყვანს ეს გაუთავებელი ომი „სიყვარულთან?!“ 

სიყვარული თუ თავისუფლებაა, იქნებ გავათავისუფლოთ ჩვენგან თუ ამის დრო დადგა, გავუშვათ და გავეშუროთ ადამიანები სიყვარულისა და სიცოცხლის ახალ გზაზე, ერთი სიცოცხლით ბევრჯერ ვიცოცხლოთ, ან სულაც ერთად ვიცოცხლოთ სიყვარულით სიყვარულისთვის, ბედნიერებისთვის…

თუ რომელიმე ჩემს მოსწავლეს პირიდან გოგოებზე ცუდი სიტყვა გადმოუვარდება, სულ ვახსენებ:
- დედაშენი სუსტია?!
არა! 

(დედაჩემიც მაგარი გოგოა, ჩემი ცოლი კიდევ ჩემზე ძლიერია)
მაშინ გოგოებიც არ არიან სუსტები. 

სუსტი შეიძლება იყოს ბიჭიც და გოგოც, ისევე როგორც ძლიერი შეიძლება გოგოც იყოს და ბიჭიც. მაგრამ არა ყველა. მგონი, „სუსტი ქალი“, თავიდან ვიღაცას აერია, ვიღაცამ ცუდად გაიგონა, სუსტი ქარი - სუსტი ქალი ეგონა. შეიძლება, ქალიც ქარივითაა, სიოც არის და ქარიშხალიც. როგორც კაცი.

ქალებს გარშემო სტერეოტიპების ზღვა აკრავს. ზოგმა ცურვა არ იცის. ზოგი მარტოა ამ მავნე ჩვევების მორევში. 

ზოგს ჰგონია, რომ ქალებისთვის მაღალი ხელფასი საშიშია. იქნებ საკუთარი სისუსტის უფრო გვეშინია, ვიდრე ქალების სიძლიერის. 

ერთხელ მოსწავლე გოგოებთან ტრენინგის დროს, უმრავლესობამ მომავალ პროფესიად ადვოკატობა დაასახელა. მიზეზი რომ ვკითხე, საკუთარი და ქალების უფლებების დაცვა აღმოჩნდა. ჩვენ ბიჭებმა, კაცებმაც დავიცვათ ქალების უფლებები. სკამი ან კარში შესვლა კი არ უნდა დავუთმოთ ქალს (ადგილის, რიგის, დათმობა კაცსაც უხდება და ქალსაც). დავთმოთ ჩვენი ყელყელაობა. “მაგარბიჭობა” ჩაგვრას არ ნიშნავს. დავთმოთ საკუთარი დრო და უზომო ამბიციები ჩვენივე მეწყვილის აღიარებისთვის, თანასწორობისთვის, გვერდში დგომისთვის, ამბებისა და საქმეების გადანაწილება-გათანაბრებისთვის. ჩვენ ქალის ძალის, სილამაზის, თვისებებისა და უნარების  აღიარება სადღეგრძელოების მიღმაც შეგვიძლია. 

რას ნიშნავს ქალზე ძალადობა?! რისთვის ვებრძვით დედებს? დებს? ცოლებს? შეყვარებულებს? სიყვარულისთვის? სიყვარულის სახელით სიყვარულს ვეომებით?! რატომ გვგონია, რომ ვინმეზე მეტი ვართ?! 

8 მარტს „ყვავილების მდინარის“ დანახვისას, სულ გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ველური ყვავილების თაიგული“ მახსენდება. სადაც, „დათვია ადამიანი“. დათვს უფრო დიდი გული აქვს, ვიდრე ადამიანს.

„ყვავილების ქვეყანაში“ - მხოლოდ ერთი-ორი დღე ცოტაა ყვავილებისთვის. ან ერთ დღეს ყვავილი და სხვა დღეს ძალადობა, ვერ არის კაი საქმე. სილამაზესთან ახლოს მყოფები ზოგჯერ სილამაზესაც გავურბივართ.

ჩვენ ერთხელ ვცოცხლობთ (რასაც ჩვენი ცნობიერება წვდება) და ეს ერთი სიცოცხლე, სჯობს, სიყვარულისთვის, დათმობისთვის, თავისუფლებისთვის, პატივისცემისთვის გამოვიყენოთ. პატივისცემაც უხერხული სიტყვაა, თან კარგია და თან სიტყვა ცემასაც, თითქოს ძალადობასაც აერთიანებს. 

ჯობია, რამე უფრო ლამაზი, კეთილი და დადებითი ემოციებით სასვე სიტყვით შევცვალოთ. და სიტყვაც, კეთილ მოქმედებად ვაქციოთ. 

სწორი ურთიერთობით, დათმობით, შეთანხმებით აღიარებით, მხარდაჭერით, გვერდში დგომით, გულწრფელობით უფრო დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ, როგორც იმ შორეულ და ახლობელ, კეთილ ზღაპრებში ცხოვრობდნენ…

მაგრამ მანამდე,

„სად არიან ქალები?! 

ქალები არ არიან?„

იქნებ აბორტში ჩაიკარგნენ, როცა სქესის გამო ირჩევდნენ შვილებს?
ან ემიგრაციაში ეძებენ საკუთარ თავს?
ანაც, საოჯახო საქმეებში გაიჭედნენ?! 

ან სიყვარულიდან უსიყვარულობაში გადაიჩეხნენ?!
ან იქნებ მხოლოდ სადღეგრძელოებში ჩარჩნენ?

არა! ქალები აქ არიან. ყველაზე ახლოს, თვალთან და გულთან ახლოს. ისინი იბრძვიან ყოველდღიურობისთვის, საკუთარი და ჩვენი უფლებებისთვის, სიყვარულისთვის, თავისუფლებისთვის, აღიარებისთვის. 

მეტი განათლება და განათება გვჭირდება. განათლება დაბადებიდან, ოჯახიდან, ბაღიდან, სკოლიდან, სასწავლო თუ არასასწავლო გარემოდან. მხოლოდ მზის სინათლე ცოტაა განვითარებისთვის. გონებასაც უხდება განათება. სწორი ღირებულებები, ჩვენ საზოგადოებად ქცევა გვჭირდება და ამ საზოგადოებაში ქალებს ღირსეული  და თანასწორი ადგილი უკავიათ.

იქნებ ცუდი სათაურია, იქნებ გავცდეთ სათაურებს, იქნებ ქალებსაც არ ერქვათ: სადღეგრძელოში ჩარჩენილები?!

P. S. რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ერთმა მოსწავლემ ძალადობაზე სლოგანი შექმნა.

„სუსტები ძალადობენ და ძლიერები იცავენ“.
მე დაცვაში ვთამაშობ.

სიყვარულით,

გიორგი ლიპარიშვილი

#მოსწავლებელი

ტექსტის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს AVON-ის და UNFPA-ს პოზიციას.

ბლოგების სერია მომზადდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, AVON-ის და UNFPA-ს თანამშრომლობით.

გაუზიარე მეგობრებს

სხვა სტატიები

{{::article.Title}}
{{::article.Title}}

{{UI.LoadingMessage}}
[View|Representative_Attach_Not_Available]