Cookie: Our page use cookies. Read more about our cookie policy. Dismiss
დახურვა
კამპანია შეიცვალა, მაგრამ კალათში პროდუქცია დარჩა უცვლელად
კამპანია შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალა პროდუქცია კალათში

დიანა ანფიმიადის ბლოგი

დაკარგული გოგოები დიალექტური კორპუსიდან

ისტორიის კითხვის ათასი გზა არსებობს, შეგიძლიათ სქელტანიან ისტორიულ ნარკვევებს მიაკითხოთ, რომელიღაც მუზეუმისა თუ ბიბლიოთეკის არქივებში იქექოთ, რომელიმე ავტორის რომელიმე ნაშრომის ბიბლიოგრაფია დაამუშავოთ, ამოკრიფოთ ამბები საცავებიდან, წიგნებიდან, ფილმებიდან, მაგრამ ამ ისტორიაში ან საერთოდ ვერ ნახავთ ქალებს ან კიდევ რამდენიმე ფერმკრთალი სახელი გაკრთება.

სწორედ ეს - ტექსტური კორპუსები გვაძლევს საშუალებას კონკრეტული პრობლემა თუ ამბავი ფართო კონტექსტითა და უფრო მეტი სიღრმით აღვიქვათ. მეც სწორედ წაკითხვის ამ წესის საშუალებით მოგიყვებით  გადმოცემებში დაცულ ნამდვილ ამბებს- ქალებზე, რომელთაც არჩევანი არ ჰქონდათ. ამისთვის შესანიშნავ ტექსტურ საცავს - ქართულ დიალექტურ კორპუსს მივაკითხავ.

ძალიან ხშირად ზეპირი მთქმელი ქალია, რადგან ქალები ყველაზე უკეთ ინახავენ ენობრივ ნიუანსებს, ლექსიკას თუ სინტაქსს, სემანტიკას თუ ფრაზეოლოგიას, ინახავენ და უვლიან საზამთროდ გადანახული მურაბებივით, ან იქნებ მწარ–მჟავე მწნილივით.  სასაუბროდაც უფრო მოწადინებულები არიან, სიტყვები არ ენანებათ...

როდესაც ზეპირი მთქმელი ქალია, ის ყოველდღიური საქმიანობის, პურის ცხობის თუ კერძის რეცეპტს საკუთარ ისტორიასაც მოაყოლებს, ბედნიერების თუ უბედურების, სიხარულისა თუ ტკივილის ლუკმებს, ხან რომ გემრიელად გადაყლაპავ, ხანაც გულზე დაგადგება და ცრემლს გაღვრევინებს.

მე ქალების ისტორიებს ვეძებ, საძიებო სიტყვებიც თემატური ავარჩიე.

ჩავწერე და... ერთმანეთზე უფრო რთული ამბები წავიკითხე, რამდენიმეს თქვენ გაგიზიარებთ... რადგან ამ ჩამქრალი, ჩაკარგული ქალების საძირკველზე დგას ჩვენი ქვეყანა და ყოვედღიურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი ამბები აღარ ხდებოდეს.

„მეჩვიდმეტეში ვყოფილიყავ, რომ გამათხოვეს. დედამთილ-მამამთილი მოიდა. არ ვეჩვენე მე. სხვა ოთახი გვქონდა, იქ ვიყავ. - გამაიყვანეო, _ ეუბნებიან დედაჩემსა და ბიძაჩემსა, არ გამოედი. გამოედი გარეთა, სახლს უკან ქლიავები გვედგა, ავედი ზედა. მეძებენ, მაღლა რას შამაიხედვენ.“- ეს თიანეთში ჩაწერილი ტექსტია, 1955 წელს.

„ცამეტი წლისა გავთხოვდი, მაჭაკლობით გამათხოვეს, მაჭაკლობით, არ გავიცანი. მაჭაკლობით, გამათხოვეჲ. მოიდნენ, მითხოვეს და მემრე ესე წამამიყვანეს. მამიყვანეს აქ, დიდი ქორწილიც იყო, დიდი ლხინიც იყო, თამაშიც იყო, დოლ-გარმონიც იყო, ერთი სიტყვით, ყველაფერი იყო. ის ჩემი ქმარი რო მოჲდა სათხოვნელათ, მე მაშინ წარმოდგენაში ვთამაშობდი. ჰოდა, რო მოიდნენ, დამიძახეს, წამოდიო და არ მივდიოდი. მე, იქა ვთამაშობდი მე, ჰოდა მამატყუეს, მერე მიმიყვანეს და შინ დამიხვდა ის ჩემი ქმარი, ჰოდა უარს ვამბობდი: არა, არა, არა, როგორც იყო, როგორც იყო, კალიცო რო მამცეს, ეგრე მივიფარე ხელები და კალიცო შიგ ჩამიგდეს. მე კიდე ი კალიცოს ხელი გაუშვი და გადავაგდე, არ მინდოდა, მამინაცვალმა ძალით გამამაყოლა რა მემრე“-კუჭატნელი პატარძლის ტექსტია, 1988 წელს ჩაწერილი.

„მე ბაღანაი ვიყაი, რუმ გამათხუეს, ცამეტის თუ თოთხმეტი წლის ვიქნებოდი. კ'არ გამათხუებდა ნენაი, მარა კაი ვიყაი და ამავე დროს, ნენა, ღარიბი და ეშინოდენ. ძველ დროში ამფერი თავისუფლება კ'არ იყო ქალის და კაცის, ჲერი ღერი სიტყუა რომ ეთქუა გლახათ ვინცხას, კაცი არ შეგხედავდა მერე და ქი ჩარჩებოდი შინ, აბა!- ეს ბახვია, ოზურგეთის რაიონი.

„მა, ჩემ დედას ეჩქარეოდა, ჩüდმეტი წლის გამათხოვა, არ. [რო გითხრეს, გათხოვებთო, რა, გაგიხარდა თუ გეწყინა?] -ჰაჲ გამიხარდევ, ჰაჲ მეწყინევ. არც მიხარიანდა, არც მეწყინეოდა. გახარევა იმგე ემე კაცზე, ბიჭს ვერ ჰცნოûდი, ჰათი გახარეველეყავი?  - საინგილოში ჩაწერილ ამ ტექსტში მთქმელი გვიმხელს, არც კი ვიცნობდი ჩემს საქმროს, რატომ უნდა გამხარებოდაო?

„მენ დამალული ვიყავ და ისე გამათხუა მამაჩემმა, ქმარს ვერ ვიცნობდი. მენ ქოხში ვიყავ ცხორშია, მამაჩემმა სახში გამათხუა.ეხლა ქალები თავად ათხუებენ თავის თავსა“.-ეს მთიულეთ-გუდამაყარია.

„ობლები ვიყავით, დედა არა გვყვანდა, მამა არა გვყვანდა. ვიყავით ობლები. გამათხოვეჲ ცამეტი წლისა. სამნი ვიყავით დედმამიშვილი. ყანი მკაში ვიყავით ერთხელ. წაველით წყალზე. იქ დაგვიხვდნენ, რა ვი ვინ იყვნენ, ყაჩაღები იყვნენ თუ ბალღები, რა ვიცი მე.“ (კუჭატანი, 1988)

გულს აგიჩუყებთ ობოლი გოგოს ისტორია, რომელიც ჯერ დედინაცვალმა აითვალწუნა, არც სკოლაში სიარულის, არც თავის ნანდაურზე გათხოვების უფლება არ მისცა, მერე დედამთილმაც არ დააკლო, ქმარი კი ჰყავდა აჯამი... მთელი ცხოვრება უსიყვარულოდ გალია...„ქა, საამისო მე რა მქონდა ქა. დედაჩემ მაგრე უნდოდა ჩემი თავი გაზრდა? ჰოდა აგრე დამნიშნა ჩემმა ქმარმა. ქმარმა როგო დამნიშნა? ჯერა ქმარს არ დაუნახივარ, არც მე მიყვარდა, არც იმაჲ, რაც ხან დანიშნულები ვიყავით – ათი თვე, ჩვენ ერთიმეორეჲ უმძრახებივით ვიყავით, არ დავლაპარიკებივართ. მაშინ მეშვიდმეტეში ვიყავი. ჩვენები დამინახავენ, ნუ მელაპარაკებიო. გვერძე არ გამყვებოდა და გვერძე არ გავყვებოდი. ეგრე ვიყავით, როგორც სხვები. მე კიდე ვიჯექ და სუ ვტიროდი..."

და, აი,  კიდევ ერთი გულისწყვეტა 14 წლის ასაკში გათხოვილი გოგოსი:  „არც სიყვარული ვიცოდი, არაფერი! ვიყავი თოთხმეტი წლისა. არც სიყვარული ვიცოდი, არც არაფერიც, არა, როგორც აე სტოლბამ არაფერი იცის, ისე – მე!“

ტექსტის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს AVON-ის და UNFPA-ს პოზიციას.

ბლოგების სერია მომზადდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, AVON-ის და UNFPA-ს თანამშრომლობით.

გაუზიარე მეგობრებს

სხვა სტატიები

{{::article.Title}}
{{::article.Title}}

{{UI.LoadingMessage}}
[View|Representative_Attach_Not_Available]