Cookie: Our page use cookies. Read more about our cookie policy. Dismiss
დახურვა
კამპანია შეიცვალა, მაგრამ კალათში პროდუქცია დარჩა უცვლელად
კამპანია შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალა პროდუქცია კალათში

ალექსანდრე ლორთქიფანიძის ბლოგი

რამდენის გადარჩენა შეგვიძლია

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი, დამეთანხმება, ასეთ დროს იბადება სასოწარკვეთა და ყველა ხავსს ერთდროულად ეჭიდები.

ვისთვისაც უსვრიათ, ტკივილი მიუყენებიათ, დაურტყამთ, ვისაც დამუქრებიან, ვინც დაუშანტაჟებიათ, ვისთვისაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცევიათ ან/და ვისთვისაც ხელი მაინც მოუღერებიათ, ყველას თვალები დიდდება, გულისცემა ჩქარდება და ტვინი ყველაზე უარესზე ფიქრობს.

ასეთ დროს ყველა მეზობელი, რომელსაც შეიძლება ესმოდეს კივილი, ყველა გამვლელი, რომელიც შეიძლება ხედავდეს ძალადობას, ყველაზე უცხო ადამიანიც კი იმედია.

იქნებ გამომესარჩლონ.. იქნებ შეაჩერონ.. იქნებ ამოსუნთქვის საშუალება მომეცეს.. იქნებ გადამარჩინონ.

მაგრამ ვისაც ესმის, ვინც ხედავს, ვინც ჩაივლის, ყველა არაა შველა და არც შვება მოაქვს ყველას. უფრო ხშირად კი პირიქით, ჩვენ, მეზობლები, თვითმხილველები, გამვლელები თუ სხვანი - სამი ბრძენი მაიმუნივით ვიქცევით, ოღონდ ერთდროულად: ყურს ვიხშობთ, თვალებს ვიბრმავებთ, პირზე ხელს ვიფარებთ - ჩვენ არაფერი გაგვიგია, არაფერი დაგვინახავს, არაფერი გვითქვამს.

ასე უფრო უსაფრთხოა.

ოჯახია, თვითონ უკეთ იციან.

რა ჩემი საქმეა, ვინ მეკითხება.

ვის არ მოსვლია.

მეშინია.

მეზარება.

და ა.შ.

ჰო, თანაგანცდის, დახმარების, მხარში დგომის მნიშვნელობაზე მინდოდა მეთქვა ორიოდე სიტყვა. ვფიქრობდი, როგორი აუცილებელია, ადამიანმა საფრთხის წინაშე მარტოდ არ იგრძნოს თავი, ადამიანს არ შეეშინდეს, რომ ტკივილის გამზიარებელიც კი არ ეყოლება. როგორი მნიშვნელოვანია სოლიდარობა ადამიანებს შორის.. ვფიქრობდი და მახსენდებოდა, რომ ხშირად საზოგადოება არათუ დამცველი, წამქეზებელიც კია.

ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, ბავშვებს რომ ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ, სუსტებს რომ სცემენ, ქალებს რომ ხოცავენ.

და ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ მრავლად გამოჩნდებიან ხოლმე მეზობლები, ნათესავები, მეგობრები, ან სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებიც: 1. მიზეზებს ეძებენ და გამართლებას უძებნიან: “უმიზეზოდ არაფერი ხდება”, “რამ გამოიწვია, რატომ გამოიყვანა წყობილებიდან ადამიანი?”, “ალბათ, მიიყვანა ამ მდგომარეობამდე” და ა.შ. 2. მოძალადის სახეს არბილებენ: “ისეთი კარგი ბიჭია, სალმიანი”, “რა ვიცი, მაგისი ზედმეტი ხმა არ გაგვიგია სამეზობლოში”, “კარგი ოჯახის შვილია” და ა.შ. 3. მსხვერპლში ხედავენ დამნაშავეს: “აი, თქვენმა ქცევამ სადამდე მიიყვანა კაცი”, “ვინც ეგრე მოიქცევით, ყველას ეგრე მოგივათ”, “ახია, ძმაო” და ა.შ.

მშველელს ეძებდე და კიდევ ერთი ქვის მსროლელი გხვდებოდეს.

არადა, მოძალადეთა ბუნება მეტწილად ლაჩრულია. მოძალადის მამოძრავებელი შიშია და პატივმოყვარეობა. მან იცის რომ საზოგადოების რაღაც ნაწილში ის “მართალი” იქნება, “ღირსეული” იქნება, მას პირდაპირ ავალებს საზოგადოების აღნიშნული ნაწილი ასე მოქცევას და ისიც იცავს საკუთარ მეს, ღირსებას, ამტკიცებს საკუთარ სტატუსს, ძალას და ძალაუფლებას.

ჩვენ თავად ვქმნით ამ გარემოს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით მხოლოდ 2023 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში ძალადობის 5920 მსხვერპლი აღიწერა და 6510 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა. მსხვერპლთა შორის 84 % ქალია.

 ეს ვინც გაბედა, ეს ვისი ხმაც გაიგეს, ვინც დაინახეს, ვისთანაც მშველელი მოვიდა.. და კიდევ რამდენია, ვინც ჩუმად დარჩა, ვინც ახლაც შიშით ელოდება შუაღამისას კარზე ბრახუნს, ვინც კრთება და ხტება ტელეფონის ხმაზე, ვინც ყოველ ახალ დღეს გადარჩენაზე, სიმშვიდეში ცხოვრებაზე ოცნებობს. რამდენ გოგონას უსაზღვრავენ მომავალს ახლა, როცა ამ ბლოგს ვწერ და როცა ამ ბლოგს კითხულობ? რამდენ არასრულწლოვანს ნიშნავენ და ათხოვებენ? რამდენ ბავშვს ჩაგრავენ და უნგრევენ ფსიქიკას? რამდენ ცოლს აჩუმებენ? ყოფილ ცოლს ემუქრებიან? რამდენს ხოცავენ?

და ჩვენ სად ვართ, მეზობლები, მეგობრები, უცხოები, საზოგადოება..

რამდენის გადარჩენა შეგვიძლია? ერთის? 5920-ის? ვცადოთ, გავარკვიოთ.

ნუ დავხუჭავთ თვალს, როცა ძალადობას ვხედავთ.

ნუ დავიხშობთ ყურებს, როცა შველის თხოვნა გვესმის.

ნუ გავჩუმდებით.

მერე გადავამოწმოთ სტატისტიკა.

რამდენი მსხვერპლი ყოფილა ჩვენს კისერზე?

რამდენის გადარჩენა შეგვძლებია?

ტექსტის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს AVON-ის და UNFPA-ს პოზიციას.

ბლოგების სერია მომზადდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, AVON-ის და UNFPA-ს თანამშრომლობით.

გაუზიარე მეგობრებს

სხვა სტატიები

{{::article.Title}}
{{::article.Title}}

{{UI.LoadingMessage}}
[View|Representative_Attach_Not_Available]